უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ უკვდავ ქმნელებათა შორის ის ტრაგედიაა, რომელიც ყოველთვის იწვევს ინტერესს როგორი ინტეპრეტაციაც არ უნდა იყოს. დრამატულ სპექტაკლებზე რომ არაფერი ვთქვათ და იგი თითქმის ყველა თეატრის რეპეტუარში შეიძლება აღმოაჩინოთ, ამ ნაწარმოების 51 კინოვერსია და 6 საბალეტო ვარიანტი არსებობს.
მ. თუმანიშვილის თეატრში ბერძენი რეჟისორის მიერ განხორციელებული ეს ტრაგედია სეზონის ჰიტია და დღემდე იგი ჩემი აზრით სეზონის საუკეთესო წარმოდგენად რჩება. მაყურებელთა ინტერესი კი იმდენად დიდი, რომ ცარიელი ადგილი პოვნა შეუძლებელი, ისევე როგორც ბილეთების შეძენა წინასწარი შეკვეთის გარეშე.
მარმარინოს მოსწონს თეატრის ყველანაირი სივრცის ათვისება და მაყურებლის ჩართვა ქმედებაში თეატრში შემოსვლისთანავე. ასე იყო მის პირველ ქართულ სპექტაკლში „მედეა, ორი წერტილი, მასალა“ (ჰ. მიულერი), როცა წარმოდგენის სანახავად მოსული მაყურებელი თეატრის კარებიდანვე, ჯერ კიდევ ძველი შესასვლელით, ერთვებოდა სასცენო ქმედებაში, დიდ გრძელ დერეფანს გაივლიდა, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ბერძნული ქოროს და სპექტაკლის მონაწილენი იყვნენ ჩანწკრიველები და ჩურჩულით მედეას საბედისწერო ცხოვრებისა და „არგონავტების“ შესახებ გვიყვებოდნენ. ასევე იყო „ეროვნულ ჰიმნში“, სადაც მაყურებელი ერთ დიდ გაშლილ ქართულ სუფრასთან სადილობდა მსახიობებთან ერთად. ასეა ახლაც. მაყურებელთა დარბაზის შესასვლელში ორ მაცნეს (გ. ნაკაშიძე, კ. კალატოზიშვილი) თავები მიუდვიათ ერთმანეთისთვის და მათ შორის უნდა გაჭრა სივრცე და გაიარო, ძალაუნებურად ყური მიუგდო მათ ბაასს, შექსპირის „რომეო და ჟულიეტას“ ფრაგმენტს – „ნეტავ ერთი შენ რა სევდა გიგრძელებს წუთებს!“. მ. მარმარინოსის სპექტაკლები ყოველთვის თანამედროვეა, იმას ასახავს რაც დღეს საქართველოში ხდება. მაგ. დღევანდელ სპექტაკლში, რუსთაველის პროსპექტზე ამ ცოტა ხნის წინ მომხდარი მკვლელობის ჩართვით და იმაზეც რაც შეიძლება შეგემთხვეს, როდესაც ამ საღამოს თეატრის შენობიდან გახვალ, – პირველ მოქმედებაში კოსტუმიზირებული საღამოსათვის მუსლიმებად გადაცმა – გუშინდელი ჩვენი ბრძოლა ბათუმში აზიზის სახელობის მეჩეთის აშენების წინააღმდეგ, სადაც ქალაქის მეორე ბოლოს, ქუჩაში წიფლის ხეებს შორის ჩხუბზე ყველა რომ ლაპარაკობს. ამ სცენების ნახვამდე კი თანდათან ეშვები მიხეილ მარმარინოსის ცნობიერების დინებაში და მიჰყვები მისი სპექტაკლის მთავარ მისიას: „ჩვენი მიზანია, კარგად ნაცნობი ისტორიები გამოვიყენოთ ჩვენთვის სრულიად უცნობი ამბების აღმოსაჩენად (ჯონათან ფოქსი)“. „R+J“ ბედისწერა დაბნეულია. მესამე მეხსიერება“, მე ჩემთვის ამას „R+J“ მესამე განზომილებას“ ვარქმევ და შეგრძნებებს ორად ვყოფ: „R+J“ ორი სიბრტყისეული გაზომილებად, მათი სასიყვარული, ნაღვლიანი ისტორიას და მესამე სივრცული განზომილებად, მათემატიკაში Z–თ რომ აღინიშნება – იმ ასოციაციებად და შეგრძნებებად, რომელიც ჩემში ამ სპექტაკის ცქერის დროს რომ მიმდინარეობა, ანუ „R+J“+Z“.
შვიდი მაცნე – „მედიუმები, რეალური ცხოვრების ტვირთსა და პერსონაჟის ტვირთს შორის“ რომ არიან მოქცეულები მოგვითხრობენ ისტორიებს, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. იმ პატარა „ინფორმაციებს“ გვაწვდიან, რომელსაც ისინი საჭიროდ თვლიან, რომ ვიცოდეთ დრო – ქვიშის საათია, MARLBORO – საწამლავია, ღამე – შავი ნაჭერია, მიწა – მიწაა, კვერცხი – სიცოცხლეა და ბაც … გატყდა, დამთავრდა სიცოცხლე – ასეთი ფაქიზი და ადვილად „გასაწირი“ – მერე მაცნე (პ. ინაური) მოვა და მორეცხავს, სიცოცხლისაგან კვალიც არ რჩება, ბედიერება კი – საპნის ბუშტია. არც R+J სიკვდილია ჩვენთვის გაკვეთილი. ჩვენ ხომ ერთი ნაჭერი პურისთვის, მიწის ერთი ნაგლეჯისთვის შეგვიძლია ერთმანეთს თვალები დავჩიჩქნოთ. ხვდებით ახლა მიხეილ მარმარინოსმა რატომ დადგა „რომეო და ჯულიეტა“ საქართველოში? ჯერ ვერა? კარგით, გავაგრძელოთ.
გარდატეხის ასაკში მყოფი ახალგაზრდის მოგონებები (მაცნე – პ. ინაური) თბილისურ ზაფხულს უკავშირდება, „კვირაა და ძველ ჩვეულების თანახმად, წვეულება ეწყობა“ – ჩვენ ხომ დავსწებულვართ ასეთ წვეულება–სადილებს, კერძს კერძი ცვლის, სტუმარს – სტუმარი, კაბებს – შარვლები, შარვლებს – ბიკინი, ჩაცმულობას – სიშიშვლე. ვსაუბრობთ, ვცეკვავთ, მერე რა რომ სხვა გვარის „დაუპატიჟებელი“ შემოგვპარვია, ნერვებს გვიშლის? აგერ არაა ვინმე მსურველი ... გვერდით გაიყვანს, სამუდამოდ დაავიწყებს აქეთკენ გზას. მაგრამ თუ ჩვენი ქალიშვილი ან ვაჟი შეუყვარდა? „შვილი ისე უნდა მოიქცეს, როგორც მშობელს სურს“, მერე რა, აგერ არაა შექსპირი? თუ არასასურველი სასიძო „გაიჩითა“ ტიბალტიც არ დააყოვნებს, ისე გააქრობს, რომ ვეღარც ბერი ლორენცო უშველის: „ჩემ მეგობარ მესკალთან ვიყავი ... ისე გიორგი ჰქვია. კარში ელენესგან დატოვებული წერილი დამხვდა: „გამოვირე, მაგრამ ვერ გნახეთ“. სადღა ნახავ?
ნადიმის სამზადისი კი გრძელდება, მზადების პროცესი ხანგრძლივია, შვიდივე მაცნე შეშას აგროვებს, ყველა ერთად და ცალკ–ცალკე მუდმივ მოძრაობაში. შემოაქვთ, გააქვთ, ალაგებენ, წმენდავენ, დარბიან. სცენაზე გამუდმებული ფიზიკური ქმედებაა, რეჟისორ მარმარინოსის სპექტაკლების ამოსავალი წერტილი – ძირითადი პრინციპი, რითაც იგი განსხვავდება სხვა თანამედროვე რეჟისორებისგან, ფიზიკური ქმედებაა, მოძრაობა, შინაგანი შეგრძნება, მეიერჰოლდისეული, როდესაც მსახიობის დამოკიდებულება პერსონაჟთან ამ დროს სცენაზე ქმედების შედეგად მიღწეული შინაგანი ტემპო–რიტმით ვლინდება, ხოლო განწყობა და შეგრძნებები მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ეს ტემპო–რიტმი ნაპოვნი და დაჭერილია. მხოლოდ მაშინ ხდება მაცნეთა ყოველი სიტყვა ქმედითი, მხოლოდ მაშინ გრძნობს მაყურებელი იმ ვიბრაციას და იმ შეგრძნებებს, რასაც მსახიობი იმ მომენტში განიცდის და გადმოსცემს, რისთვისაც დგას იგი ახლა სცენაზე. ამიტომაცაა რომ „R+J“ –ში გამუდმებული მოძრაობაა, სირბილი (რომელიც დარწმუნებული ვარ „გველაძუა“ კრიტიკოსებს აღიზიანებს), რათა მიღწეულ იქნას ფიზიკური ქმედების ეს მდგომარეობა. ამიტომაცაა რომ მაყურებელი რეჟისორმა სცენაზე და მის ახლო მიდამოებთან განათავსა, რის მეშვეობით მსახიობსა და მაყურებელს შორის ადგილი მინიმუმამდეა დაყვანილი.
სპექტაკლის დასაწყისი, უძრავი სცენა, თანამედროვე ხელოვნების ნახატს რომ მოგვაგონებს, სადღაც სალვადორე დალიცაა, სადღაც სხვაც. პირადად მე ამ სცენამ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ–ერთი ფუძემდებლის პოლონელი კინორეჟისორის ზბიგნევ რიბჩინსკის ფილმები გამახსენა. თეთრი ფონი, თეთრი მაგიდა, თეთრი სკამები. შვიდი მაცნე „სიტყვებს, სიტყვებს“ გვთავაზობს ჰამლეტივით, ხოლო მასში ჩვენ იმ აზრს ვდებთ, რაც გვსურს, აზრებს, რომელმაც შეიძლება ჩვენი ბედი სამუდამოდ შეცვალოს: „ბედისწერა ადამიანს ისე ეთამაშება, როგორც კატა თაგვს“, ხოლო თაგვის გამარჯვების შანსი – თეატრია. შეგვიძლია კი ჩვენი ბედისწერა შევცვალოთ, „სპექტაკლს შეუძლია პიესას გადაუხვიოს?“ მაგრამ ჩვენსავე პიესას თუ ჩვენვე ვწერთ და ჩვენვე ვთამაშობთ? მაშინ რატომ ისეთ არ ვწერთ, სადაც ბედისწერაზე არ ვიქნებით დამოკიდებული? თუ ესეც ბედისწერაა?“. „ბედისწერა, როგორც სიჩქარის საკითხი, სიჩქარე იწვევს ბედისწერას“. სწორად ვცხოვრობთ? სწორედ გვესმის სიტყვები? არა! პირი მაცნესავით (პ. ინაური) გვაქვს გამოტენილი, ვჭამთ ყველაფერს, ერთმანეთს და თან ვლაპარაკობთ, არავის ვაცდით, არავის ვუსმენთ – „არა, სხვა რამეს ვამბობ“– დაგვიჩემებია, იმიტომ რომ არავინ გვისმენს, ყველა თავისას ამბობს და ერთდროულად!
მესამე განზომილებაში ვინაცვლებთ და „ერთხელ თამარ მეფისა და დავით აღმაშენების გადაკვეთაზე ვიდექია ... ხშირად ის, ვისაც ასე გამალებით ვეძებთ, თურმე ჩვენს გვერდით დგას და ვერ ვამჩნევთ“ – „როზალინას გამო“ წვეულებაზე მოსული რომეო „სხვას ეძებდა და სხვას შეხვდა“.
მიხეილ მარმარინოსი გვთავაზობს რომ „მოვლენები უნდა ვითარდებოდეს ასოციაციური სიჩქარით ფიქრშიც და მოქმედებაშიც“ და იმ სასცენო სივრცეში, რომელიც მან ააგო ასეც ხდება. სივრცე ორ დონედაა განლაგებული, პირველი – მაყურებელთა სავარძლებთან ახლოს, სადაც აქცენტირებულია ისეთი „ინტიმური“ სცენები როგორებიცაა „პირველი ღამე“, „საწამლავი“ და „სასაფლაო“. მეორე – უფრო მოცილებული წინა რიგებიდან ძირითადი ასპარეზია, სადაც ხდება დანარჩენი ქმედება. მაგ. ცნობილი ღამის – აივნის სცენა. ეს ყველაზე რომანტიული და ლამაზი ფრაგმენტი უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტადან“ ყველგან კულმინაციურია რეჟისორული გადაწყვეტის თვალსაზრისით. ძალაუნებურად გვახსენდება როგორ ხდებოდა ეს გ. ქავთარაძესთან (მ. ჯანაშია, დ. კირცხალია), გ. მარგველაშვილთან (ი. სუხიტაშვილი, დ. როსტომაშვილი, ბ. ჯგუბურია), ძეფირელისთან ... ორიგინალური და ძალიან შთამბეჭდავია ეს სცენა მარმარინოსთან. უშველებელი თეთრი მაგიდა, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას დგას, სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებს და დანიშნულებას იძენს (აქ ისევ მახსენდება ქმედითი, აზრობრივი და ვიზუალური თვალსაზრისით უნიჭიერესად გააზრებული მაგიდა თ. ჩხეიძის „გუშინდელნში“ – რუსთაველის თეატრი), აივნად იქცევა, რომელზედაც ჯულიეტა (ქ. შათირიშვილი) თავის სტუმარს პირველ პაემანზე ელოდება. წითელ ფეხსაცმელს გაიხდის და ხელში უჭირავს, რათა უნებურად ნაბიჯების ხმით ოჯახის წევრები არ გააღვიძოს, ჩუმად, ფეხისწვერებზე მიიპარება აივნის კიდისკენ, საიდანაც სიბნელეში რომეოს სილუეტი მოსჩანს, რომელსაც მთელი „ჯარი“ ყვავილების შეუკრებია და მისთვის მოუტანია. ჯულიეტას თეთრი ბლუზა, შავი ბოლოკაბა და წითელი წინდები მოსავს. „სარკმელია აღმოსავლეთი, მზე – ჯულიეტა“.
„რომეო, რომეო ...“ – სიბნელეში ამბობს ჯულიეტა და „გასაგნებული სიტყვა, სურვილის კვანტუმი, მწიფე ალუბალივით კედელს ეხეთქება და სისხისფერ კვალს ტოვებს“. ჯულიეტა ფეხსაცმელს იცვავს, აივნიდან რომეოს მიძღვნილ ყვავილებისკენ ეშვება და ეშვება თავდაყირა (ეს სამყაროც ხომ თავდაყირა დგას, სადაც სიყვარული სიძულვილმა შეცვალა, ნდობა – გაყიდვამ, შეპირება – პირგატეხილობამ, ერთგულება – ღალატმა), ხელებით, რომლითაც ლიანებს ჩაფრენილა, ნელ–ნელა იწევს ქვევით, წითელწინდებიანი და წითელფეხსაცმლიანი ფეხები ფოთლებში გაიელვებს. დაშვება რთული და ხანგრძლივია, მაგრამ სასიამოვნო და აი, ხელებით მიწას შეეხო, იღებს ყვავილებს, ბევრს, სხვადასხვას და სხვასახვაფერს: „ისე ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა, რომ ხვალ დილამდე მსურს ვიძახო „მშვიდობა შენდა“ და აივნის სიღრმეში გაუჩინარდება.
მაყურებელთა ჩართულობის, თანამონაწილეობის მიზნით რეჟისორს შემოაქვს ინტერაქტიული მეთოდი. მაყურებელი თავიდან ფრთხილად და მორიდებულად, გაუბედავად, მაგრამ მაინცერთვება ამ თამაშში, პასუხობს მსახიობთა შეკითხვებს, ამ დიალოგის ბოლოსკენ კი უკვე აქტიური ხდება და მიდის აზრთა გაცვლა–გამოცვლა თენებზე: – განგიცდიათ თუ არა რომეოსა და ჯულიეტსა მსგავსი სიყვარული, უღალატიათ თუ არა ოდესმე და მათ შორის ყველაზე აქტუალური და შემდგომი ქმედებისთვის საჭირ–ბოროტო კითხვა: "გახსოვ თუ არა პირველი ღამე?
დროდადრო მარმარინოსი მაცნეთ ტრაგედიის დანარჩენ პერსონაჟთა „ნიღბებს“ არგებს. ძიძა, რომეო, ჯულიეტა, პარისი, ბერი ლორენცო გამუდმებით ცვლიან ერთმანეთს.
ჯულიეტა (ქ. შათიშვილი) მოლოდინშია, რომეოს პასუხს ელის ...
„ნებისმიერი მოლოდინი პატარა დრამატულ პიესას ჰგავს, რომელსაც მოქმედებებიც ახლავს. პირველი, მეორე ... და ბოლოს შეიძლება კათარზისიც განიცადო“. სპექტაკლის ეს ნაწილი ყველაზე ხანგრძლივია მოვლეთა ჯაჭვში. მაცნე (კ. კალატოზიშვილი) მაგიდას წმენს, გამუდმებით, დიდხანს. მეორე მაცნე – ჯულიეტა (ქ. შათირიშვილი) წერილებს წერს, სასიყვარულოს და კედლებზე აკრავს – „სადღაც აგზავნის“, სცენაზე ყველაფერი გაიყინა, გაშეშდა, ყველაფერი მოლოდინში,. დანარჩენი ოთხი მაცნე (პ. ინაური, მ.გელოვანი, გ. ნაკაშიძე, მ. ლებენიძე) თეთრ სკამებზე გაშეშებულან, ერთად უკიდებენ სიგარეტს, ერთად უშვებენ კვამლს, ელიან. ჯულიეტაც ელის ძიძას –„9 საათი იყო ძიძა რომ გავაგზავნე... 9 საათიდან 12 საათამდე სამი დაუსრულებელი საათია. ის კი ჯერ არ ჩანს“. მობრუნებულ, გადაღლი ძიძას ფეხები ტაშტში ჩაუყრია და იმის მაგივრად რომ „ავი თუ კარგი“ ამბავი ამცნოს, პასუხს აგვიანებს და ვერ გადაუწყვეტია გაუმხილოს თუ არა ჯულიეტას რომეოსთან საუბრის შედეგი. სულ მალე კი მოვლენები ასოციური სიჩქარით განვითარდება. მერკუციოს, მერე კი ტიბალტის სიკვდილი და რომეოს – „ბედი დამცინის, ბედი დამცინის...“. მოქმედებათა ფინალი „გაძევება“ მარმარინოსისათვის „ჩვეული“ ხატოვანი და ასოციაციური შეგრძნებებით „დახუნძლული“ ერთგვარად აჯამებს აქამდე მიმდინარე მოვლენებს. სასჯელი გაძევებაა, ანუ ჯულიეტას გარეშე ცხოვრება უმძიმესია ვიდრე სიკვდილი, უმძიმესია ჯულიეტასათვისაც. რომეო – „სწორედ ეს არის გაძევება, შენსკენ მოვდიოდე და არ შემეძლოს მოახლოება“.
ამიტომაც ყველაფერი კვდება, ყველაფერი სრულდება – ჯერ ერთ მიცვალებულს შემოტანენ, მერე მეორეს – ჯერჯერით, დაბალ გოგლაჭიან თეთრ მაგიდაზე დაყრიან სცენური სივრცის პირველ დონეზე რომაა წამოწეული, „შავი ჭირის’ თუ საქვეყნო ცოდვათა მსხვერპლების გორად აქცევენ, მერე ისინი ძირს გადმოცურდებიან, რომლებმაც ერთმანეთის „დანაშაულთა“ სიმძიმეს ვერ გაუძლეს.
ბერი ლორენცო კი „ქადაგებს“ – „რა ჯანდაბად გვინდოდა სექსუალური რევოლუცია თუ მარტოებს გვძინავს?“
რომეო და ჯულიეტას „პირველი ღამეც“ მაყურებელთან ახლოს, წინ წამოწეულ სივრცეში გორგოლაჭიან მაგიდაზე ხდება. რეჟისორმა მოხერხა და ამ ღამის სხვა ინტერპრეტატორებისგან განსხვავებით ნორჩი წყვილის სიყვარულისთვის გაესვა ხაზი, თავიდან აეცილებინა ბანალური სექსუალური მოტივები და ზედმეტი სიშიშვლეც – მაცნე–რომეო (პ. ინაური) ნახევრად შიშველია, ხოლო ჯულიეტა (კ. კალატოზიშვილი) ნახევრად ჩაცმული. მსახიობი ოსტატურად ახერხებს ჩვენს წინაშე ისე გაშიშვლდეს, რომ ეს სიშიშვლე ჩვენ ვერ შევამჩნიოთ. ყოველივე ეს როლან ბარტის სიტყვებთან „პორნოს არა აქვს Punctum, არის მხოლოდ ის, რაც არის ... მეტი არაფერი“ მოფერებად, სასიყვარულო გრძნობების პირველ მცდელობად, გამოცდად აღიქვება. მაცნე (მ. გელოვანი) მკაცრ მოთხოვნაზე „ილაპარაკე“ პ. ინაურიც ყვება, ყვება ყველა დეტალის დაცვით, პაუზებით, იმ შეგრძნებების შესახებ, რომლესაც ისინი მაშინ განიცდიდნენ: „ანდროგენი – მამაკაცი და ქალი, ერთმანეთისგან ვერ გამოარჩევდი“, რაზეც მალევე განკიცხვისა და ლანძღვის საბაბად გადიქცევა „ღორო, ...გომბიო, ...წაკლა, არარაობავ, დედკაცო“ („არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ –„ჰამლეტი“). ტოროლას ხმაზე მათი პირველი შეხვედრაც თავდება – „მიდი ფანჯარა, დღე შემოუშვი და სიცოცხლე გაუშვი“. აქ ჯულიეტა უკვე სამუდამოდ ემშვიდობება თავის სიყვარულს. ისინი ხომ აღარასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს. აქვე თავდება რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულის ისტორიაც და იწყება რაღაც სხვა: მოულოდნელ შემთხვევათა მთელი მწკრივი – „ღალატიც“ – საქორწინო კაბა და ქორწილისთვის მზადება, თვითმკვლელობის მცდელობა და მხსნელი ბერი ლორენცოს (გ. ნაკაშიძე) მიერ წამღერებით, ქადაგებასათვის წარმოთქმულ აზრთა უწყვეტი ნაკადი მსახიობის მიერ უზადოდ, თითქოს და მდორედ წარმოთქმული უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე და სრულიად დამაჯერებელი ხდება ჯულიეტასთვის (კ. კალატოზიშვილი). ეს „მუსიკალური“ მონოლოგი მისთვის ბედნიერების საწინდარია „იმავ ღამეს შენი რომეო გაგაქროლებს მანტუისაკენ“.
საწამლავის მიღება – „თვითმკვლელობის“ შესასრულებად რთული სცენაა, მითუმეტეს რთულია ისეთ სპექტაკლში და ისეთ რეჟისორულ კონსტრუქციაში, როგორიც მ. მარმარინოსის „R+J“–ია. ჩვეულებრივ, კლასიკურ თუ ტრადიციულ წყობაში მოვლენათა თანამიმდევრული განვითარების შემდეგ მსახიობი ფსიქოლოგიურად მომზადებულია ამ სცენის აღსასრულებლად. ჯულიეტას აქობამდელი „სცენიური ცხოვრება’ ამზადებს მსახიობს ამ სცენის მაღალ და დამაჯერებელ დონეზე შესასრულებლად და ლოგიკურია, რომ ასეთი წესით დადგმულ სპექტაკლებში არ იწვევდა დიდ სირთულეს. მაგრამ აქ, მსახიობთა მონაცვლეობა პერსონაჟის სახის შექმნაში ორმაგ რთულ ამოცანას უქმნის თვითეულ მათგანს. „საქორწინო“ კაბაში გამოწყობილი ჯულიეტა (ქ. შათირიშვილი) იმ „მოღლატე“ ქალთა სიის წევრია, რომლებიც ადვილად ივიწყებენ სიყვარულს, მშობლების ნება–სურვილს დამორჩილებულნი ადვილად ხდებიან მომავალი ბედნიერი იდილიის მსხვერპლნი, ხოლო რეჟისორის მიერ ამავდროულად ნაჩვენები მერე ან „გაორებული“ ჯულიეტა (კ. კალატოზიშვილი), რომელმაც ახლახან თავისი პირველი ღამე რომეოსთნ გაატარა, სასიყვარულო ეიფორიის გავლენის ქვეშაა და სიამოვნებით მიიღებს საწამლავს – „მარტო უნდა ვითამაშო ეს სცენა?’ – წამოსცდება, მაგრამ მარტო არცაა. მის ყოველ მომდევნო ფრაზას საქორწინო კაბაში გამოწყობილი ჯულიეტაც იმეორებს სცენის სიღრმიდან და ეს ეჭვი საწამლავის მიღების თობაზე ორივე მათგანში გასხვავებულ ასოციაციებს ბადებს. ჯულიეტა – ქ. შათირიშვილისთვის პარისზე გათხოვებაზე თანხმობა ბერი ლორენცოს შურისძიებად აღიქვება, როცა ჯულიეტა – კ. კალატოზიშვილისთვის – „შემზარავია ეს ფიქრი“, რადგან „თუ არ მოვკვდები ხომ სულერთია, ბნელი ღამე, შავი სიკვდილი ...“ ან პარისზე იძულებით დაქორწინება. მოვლენები ისევ ასოციური სისწრაფით იცვლება –„ხომ ხედავთ, როგორ უკუღმა დატრიალდა ყველაფერი“ – მაცნე ( პ. ინაური) ისევ იმ შესახებ შეგვახსენებს, რომ ინფორმაცია ერთი პატარა, თითქოს უმნიშვნელო დეტალის გარეშე ცვლის ყველაფერს – ბალთაზარის მიერ ჯულიეტას სიკვდილისა და დაკრძალვის ხილვას, „შავი ჭირს“ – „Venis Hora Eius Veniet et Tua” და საბედისწერო წერილის დანიშნულების ადგილას არ მისვლას, პარისის სიკვდილს და მისი დაკრძალვას იმ ფინალამდე მივყევართ, როდესაც ჯულიეტას მეტი აღარაფერი დარჩენია შესძახოს – „ხარბო, სულ შესვი? ერთი წვეთიც არ დამიტოვე?“.
გოგი! არაჩვეულებრივია!!!!!!!!!!!!!!! დიდი მადლობა, სასწრაფოდ ვუგზავნი მიხაილს და მინდა ეს სტატია შევთავაზო გაზეთ "ქართულ ოცნებას". თანახმა ხარ?
ReplyDeleteკი. თანახმა ვარ!
ReplyDelete