Sunday, April 15, 2012

ინტერვიუ ათეისტთან

მე – თქვენ ათეისტი ბრძანდებით?

ათეისტი – არა.

მე – ?

ა. – ათეიზმი ღმერთის უარყოფას ნიშნავს, არარელიგიურობას.

ჩემი უნივერსიტეტში სწავლის დროს გვეკითხებოდა ასეთი საგანი – ათეიზმი. როგორც ყველა სხვა საგანი ესეც სავალდებულოდ ითვლებოდა. სახელმძღვანელო ისე იყო შედგენილი, რომ მასში თუ ყურადღებით და ამ კუთხით წაიკითხავდით, რელიგიის ისტორიაც იყო მოთხრობილი. ავტორები მიჰყვებოდნენ იმ ლოგიკას, რომ თუ რაღაც გინდა უარყო, ჯერ მკითხველი იმაში უნდა გაარკვიო. ვინაიდან რელიგიის ისტორიის სხვა წიგნები არ არსებობდა და არც ითარგმნებოდა ჩემი თაობის ახალგაზრდობამ აქედან გავიგეთ რა იყო ბიბლია, საღვთო წერილი და სხვ.

ასე რომ ათეიზმის შესწავლამ თავისი კვალი დატოვა ჩვენს აღზრდასა და განათლებაზე. არა იმ კუთხით, რაც სასწავლო პროგრემების შემდგენლებს სურდათ, არამედ საპირისპიროდ, ხომ ცხადია, რომ „ანტირეკლამაც რეკლამის სახეა“.

მე – ე. ი. გინდათ თქვათ, რომ ათეისტის ნაცვლად მორწმუნე გახდით?

ა. – რაღაც კუთხით მართლაც ასეა. მშობლები, რომელთაც „ათეიზმი“ არ ჰქონდათ ნასწავლი არარელიგიურები იყვნენ. ბებიაჩემი კი ეკლესიაშიც დადიოდა, ლოცულობდა კიდევაც, სანთლებსაც ანთებდა და მარხულობდა. ერთი სიტყვით ზომიერ მორწმუნედ ითვლებოდა. მახსოვს, სიბერეში როგორ განიცდიდა, როცა ოთხშაბათი დღე გამოეპარებოდა და რაღაც ისეთს მიირთმევდა, რაზეც ამ დღეს თავშეკავება იყო გამოცხადბული. ეკლესიაშიც პირველად მან წამიყვანა, იქაურმა გარემომ, სანთელ–საკმეველის არომატმა, სიმყუდროვემ და მდუმარებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემში. შემდგომ ლიტურგიის უდიდესი დღესასწაული პირველად ლენინგრადის ალ. ნეველის ლავრის ეკლესიაში ვნახე (ალბათ გეცოდინებათ უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს პატრიარქმა ილია II იქ მიიღო სასულიერო განათლება).

მე – გამოდის რომ თქვენ გაინტერესებდათ რელიგია?

ა. – რელიგია ჩვენი ისტორიისა და ცხოვრების ნაწილია. არა აქვს მნიშვნელობა მორწმუნე ხარ თუ არა. მახსოვს სახარების ქართულ თარგმანს „ცისკარში“ თუ „მნათობში“ ვკითხულობდი. ნაწილ–ნაწილ იბეჭდებოდა. ყველა ნომრიდან ამოვჭერი და ასე შევაგროვე მთლიანად, ეს იყო ჩემი სახარება, რომელმაც ძალიან ბევრი მომცა განათლების თვალსაზრისით. ტექნიკური მეცნიერებების სპეციალისტს, რასაკვირველია სამყაროს შექმნის იდეის შესახებ ბევრი კითხვები მქონდა, მაგრამ ერთი რამ კი ღრმად ვირწმუნე: „ღმერთი საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინო“ და მგონია, რომ სწორედ ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობ.

მე – ეკლესიაში თუ დადიხართ?

ა. – ძალიან იშვიათად. ალ. ნეველის ლავრის აღდგომის ღამის შემდეგ ერთხელ ვიყავი მამადავითის ეკლესიაში ამავე დღესასწაულზე. უცხოელი სტუმრები გვყავდა და მათ ვახლდი. ძალიან დამღალა და შემაწუხა ხალხის სიმრავლემ და რაღაც „სიყალბე“ ვიგრძენი, არა თვით მსახურობაში ან ეკლესიის მიმართ, არამედ ხალხში, მათში, რომელიც გარს გვერტყა.

ღმერთთან შეხვედრა ძალზე ინტიმური აქტია. ეს ის ადგილია, სადაც იდეალში მარტო უნდა დარჩე. შესაძლებელია ზიარების ცერემონიაზე ახლაც ასე ხდება, მაგრამ ჩვენი ქართული ეკლესიის დღევანდელი სახე ჩემში დიდ უნდობლობას იწვევს.

მე – თუ ხვდებით რამ გამოიწვია ეს თქვენში?

ა. – ძალიან ბევრმა რამემ.

მამა რომ გარდამეცვალა, ორმოცი დღის შემდეგ ეკლესიაში პარაკლისის გადახდა გადავწყვიტე. წინასწარ ზომები მივიღე. გავარკვიე, ამ დღეს შესაძლებელი იყო თუ არა, მოვამზადე შესაბამისი სანოვაგე და ჩემს სახლთნ ახლოსმდებარე ეკლესიას მივაკითხე. არავინ დამხვდა გარდა მოსამსახურისა, რომელიც სანთლებს ყიდდა და მლოცველებისა. როცა ავუხსენი რისთვის მივედი, მითხრა წინამძღვარი ნახევა საათში მოვაო. დიდხანს ველოდი, რომ არ გამოჩნდა მოსამსახურემ მობილურ ტელეფონზე დაურეკა, ისევ ნახევარი საათით გადაიდო შეხვედრა. კიდევ გავიდა დრო და შემდეგ ზარზე მოძღვარმა გვიპასუხა: „ თუ მხოლოდ ერთი ადამიანი მელოდება, არ მოვალ, საქმეები მაქვსო.“

მე – მაგრამ ეს ხომ, კერძო, ერთეული შემთხვევა იყო?

ა. – ერთეული, მაგრამ ის მე გადამხდა თავს და დიდი ზემოქმედება მოახდინა. ჩემი თაობის ბევრმა ახალგაზრდამ უარი თქვა საერო ცხოვრებაზე, ეკლესიას მიაკითხა და დარწმუნებული ვარ პირნათლად ასრულებენ თავის მოვალეობას, მაგრამ მათ გვერდით არიან ისეთებიც, რომლებიც არცხვენენ ჩვენს ეკლესიას და რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი ძალიან ბევრნი არიან. მე არაფერს ვამბობ იმ „საერო“ სიამოვნებაზე, რაზეც ალბათ უარი უნდა ეთქვათ, ძვირფას მანქანებზე, მობილურ ტელეფონებზე, სადღესასწაულო საჩუქრებზე. ჩემს უბანში ორი მოძღვარი ცხოვრობს, ამ დღებში მათი კარები არ იკეტება, მოაქვთ ურიცხვი ძღვენი – „ღმერთმა შერგოთ“, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ღმერთის მსახური სამაგალითო უნდა იყოს?

მახსოვს ლესელიძის ქუჩაზე სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთი მაღაზია იყო, რომელშიაც ხატები, სანთლები და სხვა საეკლესიო ინვენტარი იყიდებოდა. ახლა კი ნახეთ რა ხდება. ამ ქუჩაზე უკვე თითქმის ყველა მაღაზია საეკლესიოა. ვერაფრით ვერ გამიგია ვის სჭირდება 1000 ცალი შანდალი, 2000 შანდლის დასადგამი, 3000 გაურკვეველი წარმოშობის ხატი? თუ ორი საუკუნით წინ აპირებენ ყველა ეკლესიის აღჭურვას, „ნაკურთხ“ და „არანაკურთხ“ სანთლების მხოლოდ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მაღაზიაში გაყიდვაზე არაფერს ვამბობ. არც ნათლობის, ჯვარისწერისა და პარაკლისის საფასურებზე.

მიგიქცევთ ყურადღება, რომ ე.წ. „საპატრიარქოს პური“ ყველაზე ძვირი ღირს?

სახელმწიფო სრუქტურებს დაქვემდებარებული ეკლესია მათი „დასპონსორებული“ და ხელშეწყობილი ვერასდროს გახდება ერის ნამდვილი მოძღვარი და არც არის. გადამწყვეტ მომენტში მისი აზრი უგულველყოფილია. გაიხსენეთ თუ გინდათ წმინდა გიორგის ძეგლის დადგმა, „მეგობრობი თუ მშვიდობის“ სამარცხვინო ნაგებობა სიონის პირდაპირ.

მე– მიუხედავად ამის დღევანდელ ეკლესიას დიდი პრესტიჟი აქვს.

ასე არ გგონიათ?

ა. – თქვენ ნაწილობრივ მართლი ხართ, მაგრამ ნაწილობრივ.

საქმე იმაშია, რომ აქაც იგივეს გამეორება მომიწევს – რეკლამისა და ანტირეკლამის თაობაზე – როდესაც გამუდმებით გიკიჟინებე, რომ მორწმუნე უნდა იყო, პატივი უნდა სცე რელიგიას, თუ ასეთი თავგამოდებული არ ხარ მაშინ ხალხის მტერი ხარ, თუ ყოველ შაბათ–კვირა ეკლესიაში არ დადიხარ, თუ მოძღვარი არ გყავს დ აშ. ძალაუნებურად განზე დგები, არ გსურს მათ რიგებში ჩაწერა და მათ გვერდით ყოფნა. მათთსავე ვერ დავემხობი იატაკზე და 12 საათი ლოცვაში ვერ გავატარებ, ვერც სამარშრუტო ტაქსიში მჯდომი პირჯვარის გამოსახვას ვერ დავწყებ, ყოველ წინადადებას – „ღმერთის წყალობით“ – ვერ დავიწყებ და ვერც დავამთავრემ, ვერ „გაიხარეს’ ძახილით გაგახარებთ! და რაკი ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია, ამიტომ ვარ „ჩემს მხარეზე“ და არა მათი. ვიცი რომ ბევრისთვის ეს მიუღებელია, მაგრამ არც ჩემთვისაა აუცილებელი და სავალდებულო ის დოგმები, რასაც ისინი ეთაყვანებიან. ფანატიზმსა და რწმენას შორის დიდი სხვაობაა. მყავს ნაცნობები, რომლებმაც ნარკოდამოკიდებულების გამო თავი ეკლესიას შეაფარეს, ზოგს უშველა, ზოგს არა. ესეც ბუნებრივია, მაგრამ ვისაც ვერ უშველა ეკლესიიდან რატომ არ წამოვიდნენ? თვენ გაქვთ ამაზე პასუხი? მე არა.

ამიტომ მგონია, რომ ამ მოძღვავებულმა ფანატიზმმა, ასეთი ტიპის მართლმადიდებლობის „გაღმერთებამ“ – მაპატიეთ კალამბურზე– გამოიწვია ის, რომ ბევრი ჩემი მეგობარი და არა მარტო მეგობარი ეკლესიას გაეცალა, უარი კი არ თქვა მართლმადიდებლობაზე ან ღმერთზე არამედ გაეცალ ა– განზე გადგა – დიახ, ჩემსავით თუ გნებავთ.

კიდევ ერთ მაგალითს მოვიხმოვ – ახლა გამახსენდა – ჩემთვის ბზა ყოველთვის მეზობელს, ერთ–ერთი ეკლესიის მსახურს მოქონდა ხოლმე საჩუქრად. წელს არ მოუტანია, რომ ვკითხე რატომ დაგავიწყდი მეთქი, იცით რა მიპასუხა? – მსურველი ძალიან ბევრი იყო, გასაყიდადაც!!! არ გვეყოო“ და ეს ლაპარაკია ერთ ღეროზე. ასე რომ ხომ ხედავთ– წელს ბზაც არ მექნება.

ვინმე ოდესმე გამოიკვლევს საპატრიარქოს შემოსავლებს?

რომც გაბედონ – „მკრეხელობაა“ – ანათემას გადასცემენ.

ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ ვარ მე – ათეისტი, ღმერთმოძულე, მართლმადიდებლობის შემარცხვენელი თუ დამცველი, თუ უბრალო მოკვდავი, რომელსაც ის სჯერა, რაც სჯერა!

მე – დიდი მადლობა. თქვენ კარგი მოსაუბრე ყოფილხართ, კითხვების მოგონებაც კი არ დამჭირდა.

ა.– თქვენ გმადლობ, რომ საშუალება მომეცით მეთქვა ის, რაც დიდ ხანია მაწუხებს.

3 comments:

  1. Es adamiani sulierad avadmkopia, kholo ghia internet-sivrtseshi misi tsodvebs gamomzeureba ki sazizgrobaa. Samtsukharoa, rom msoplio Ksels ar aqvs datsesebuli tsenzura, amgvari bneli statiebi da interviuebi rom dzirshive agkveton da parto masebtan ar miushvan.

    ReplyDelete
  2. ოხოხოოო,მეგობარო KarTveli KaCi, როგორი კატეგორიული ბრძანდებით. ნება მომეცით არ დაგეთანხმოთ, "არ განიკითხო და არ განიკითხები"... თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ უფლება გაქვთ ასე მარდად ისროლოთ ქვა? უცოდველი ბრძანდებით ახალშობილივით? ნება მომეცით ეჭვი შევიტანო...
    მე წერილი თუ ინტერვიუ მომეწონა და სულიერი ავადმყოფობის კვალიც ვერსად ვნახე.
    P.S. ვიდრე კატეგორიულად "არა"-ს ვიტყოდეთ ჯობს დავასაბუთოთ ჩვენი თითოეული სიტყვა :)

    ReplyDelete
  3. აუფ ეს გადარეული ქართველი კაცი აქაც გამოჩნდა? :D :D არჩრდილია ეს თუ რა არის? :D :D

    ReplyDelete