„სახიფათო ექსპერიმენტი სახელად „მექანიკური ფორთოხალი“.
დრამატულ ნაწარმოებში, როგორც წესი ინტრიგა, თუ ის საერთოდ არსებობს, ხელს უწყობს დრამატული ქმედების განვითარებას. მსოფლიოს დრამატურგიაში ერთადერთი პიესა, სადაც ინტრიგა მის პირველსავე ფრაზაშია ჩადებული არის ნ. გოგოლის „რევიზორი“– „ჩვენთან ჩამოდის რევიზორი“. ამ კლასიკური მაგალითის საპირისპიროდ რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა „თავისუფალი თეატრის“ ახალი სპექტაკლში „მექანიკური ფორთოხალი“, რაოდენ პარადოსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, საკუთარი ინსცენირებით მთავარი ინტრიგა დასასრულში გადაიტანა და იწყება მაშინ, როდესაც სპექტაკლი მთავრდება, ინტრიგა რომელშიაც დღეს ვცხოვრობთ. „მე მაქვს განცდა, რომ გასული საუკუნის 90–იან წლებში ჩვენს ქალაქში ვიღაცეებმა სრულიად შეგნებულად და გეგმაზომიერად, სახიფათო ექსპერიმენტი ჩაატარეს და გამოიყვანეს ადამიანის სრულიად ახალი ტიპი, ამის გამო ძალიან ბევრი რამ, რაც დღეს 2012 წელს არ მოგვწონს ჩვენს ქვეყანაში, სწორედ იმ გამოყვანილი ადამიანების გამო ხდება“ – მოგვმრთავს რეჟისორი და გვთავაზობს ჩავერთოთ იმ დრამატულ ქმედებაში, რომელიც ჩვენს წინ გათამაშდება და მისი კოლიზია ჩვენს დღეებში მიმდინარეობს.
სპექტაკლის „მექანიკური ფორთოხალი“ პირველწყარო ენტონი ბერჯისის რომანი „მექანიკური ფოროხალი“ დაწერილი 1962 წელს, პოპულარული გახდა სტენლი კუბრიკის ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმის გამოსვლის შემდეგ 1972 წელს და რომელიც საკულტო ფილმად იქცა, ხოლო ალექსის, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მალკოლმ მაკდოუელი („ო, იღბლიანო“, „კალიგულა“, „მებაღე“), ინგლისის ერთ–ერთი საყვარელი კინომსახიობი გახდა. რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის ვერსია არსობრივად განსხვავდება რომანისგან და ფილმისგანაც, თუმცა სიუჟეტურად მას მიჰყვება. 90–იანი წლენის საქართველო, მოლოდინის, გადარჩენის, შიშის სინდრომით შეპყრობილი შესანიშნავად მოერგო ამ ნაწარმოებს, ხოლო აქ გამოხატული სისასტიკე, ადამიანის სიძულვილი და ტერორი „ზედგამოჭრილი“ აღმოჩნდა ერთი პატარა დანაშაულებრივი „კლანისათვის“, რომელიც სარგებლობდა შექმნილი ქაოსითა და ძარცვავდა, აყაჩაღებდა, ხოცავდა საქართველოს მოსახლეობას თბილისში და რეგიონებშიც. ამ თავაშვებულმა ჯგუფებმა გამდიდრების მიზნით შექმნეს ე.წ. „წილების“ ინსტუტუტი, გაძარცვეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც რაღაც სიმდიდრე კიდევ ქონდათ შემორჩენილი. ისინი ძალადობის მეთოდებს „მექანიკური ფორთოხალში“ აღწერილს, ისე იმეორებდნენ გეგონებოდათ ეს რომანი წაეკითხოთ ან ფილმი ჰქონოდათ ნანახი. ვარსიმაშვილის სცენიური ვარიანტის მკვეთრი განსხვავდება იმაში მდგომარეობს, რომ ექსპერიმენტისას ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კუბრიკის ალექსის – „მექანიკურ ფორთოხალს“ სულ მალე მოუწევს თავის „წინა ცხოვრებაში“ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება, როდესაც მისი ყოფილი მსხვერპლები, ვინც მის ძალადობას გადაურჩა, ზუსტად ისევე მოიქცევიან, როგორც ადრე თვითონ იქცეოდა. „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლის ალექსი – „მექანიკური ფორთოხალი“ და მისი ძმაკაცები კი თბილისის ქუჩებშია არიან გამოშვებული, ახლაც ჩვენს გვერდით დადიან ისე რომ მათ ჯერ
შურისგება არ სწვევით. რეჟისორმა ენტონი ბერჯისის მოგონილ ისტორიას რეალური, ნამდვილი, ჩვენი ცხოვრების უახლესი ისტორიის ამბავი დაუდო საფუძვლად.
90–იანი წლების თბილისი, პარიზული პიგალის, ნიუ–იორკის თაიმ სქვერის და ვეს საიდის, ჰამბურგის რეპერ ბანის ქართულ ანალოგზე პეროვსკაის ქუჩაზე (მომიტევონ ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა, გასაგებია ისინი არ მყავს მხედველობაში) „სისხლსავსე ცხოვრება“ ღამის საათებში იწყებოდა. აქ ყველაფრის ყიდვა შეგეძლო, სიგარეტიდან და სასმელიდან დაწყებული ღამის კომპანიონით დასრულებული. ჩემი მეგობარი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა და შეგვიანებულს უტრანსპორტობის და უფულობის „სახლშიმიუსვლელს“ ხშირად გამიტარები ღამე მასთან და „ქუჩური გარჩევის“ უნებურე მოწმე ვყოფილვარ. პირველი კერძო ბარიც აქ გაიხსნა. „დიმას ბარს’ ვეძახდით. დიმა ჩვენსვით უფულო იყო, ბარს როგორ გახნიდა, უბრალოდ მისი ერთსართულია ბინის რამოდენიმე ოთახი იქირავეს მავანმა და მავანმა და „გინესის“ ბარი გახსნეს. ეს ბარი დღესაც იქვეა, სახელი შეეცვალა მხოლოდ, მე მგონი „ჰაინეკენი“ უნდა ერქვას ახლა. ის ქალიც ისევ იქ ცხოვრობს, რომლის სახლთან სულ აურზაური იყო – ერთადერთი, რომელიც მთელი ღამე ვაჭრობდა, ყველაფრით, ქალებითაც. კი. დილაობით ასფალტზე უხვად იპოვიდი გილზებს, ბოთლების ნამსხვრევებს, ქაღალდების ნაგლეჯებს, დაფლეთილ საფულებსაც კი, რომელთა ყოფილი პატრონები ან სავადმყოფოში იყვნენ ან უკვე რესპუბლიკურ მორგში. ქალაქში დღისით და განსაკუთრებით ღამღამობით ტერორი სუფევდა.
„თავისუფალი თეატის“ სპექტაკლი „მექანიკური ფორთოხალი“ – იმ წლების პეროვსკაიაზე ხდება. სცენაზე მოჩანს ამ ქუჩის ვიტრინები (საიდანაც ახლა ძვირფასიანი მაღაზიების ძვირფასად ჩამული მანიკენები იყურებიან), რომელზედაც სერგო ქობულაძის „ვეფხისტყაოსნის“ გაცვეთილ–შელახული ილუსტრაციები: „ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა“, „წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა“, „ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე“, „ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა“ გაკრული (მხატვარი მირიან შველიძე). ილუსტრაციები, რომელიც ძლიერ, თამარის ეპოქის საქართველოს მოგვაგონებს, მაგრამ მათ „ყავლი’ გასვლით, ისევე როგორც ისეთ სიწმინდეებსა და ფასეულობებს როგორიცაა: გმირობა, მეგობრობა, თავდადება, სიყვარული. ომგადახდილი და დამარცხებული ახალგაზრდათა თაობის უმეტესი ნაწილი, სახელმწიფოს მიერ გაწირული და ღალატის მსხვერპლი, ომისშემდგომი სინდრომით შეპყრობილია, მათ თავშვებულობას საზღვარი არა აქვს, „მხედრიონს“ ამოფარებულები ქალაქებში დათარეშობენ და შიშის ზარს სცემენ ისედაც დათრგუნულ და შეშინებულ საზოგადოებას.
სცენის თავზე განთავსებულ ოთხ ტელეეკრანზე იმდროინდელი ქრონიკის კადრები მოჩანს: სოხუმის დაცემა, მომიტინგეები, ბუნკერის სცენები, პირველი პრეზიდენტის გამოსვლა, თენგიზ სიგუას ინტერვიუ, გვარდიელები, სროლები, სროლები, ომი რუსთაველზე, გადამწვარ გაპარტახებული უზენაესი საბჭოს შენობა, სამხედრო საბჭოს სხდომა და ედუარდ შევარდნაძე. ეს კადრები იმდროინდელ საქარველოში გვაბრუნებს.
ამ ვიტრინებზე ტანჯული ატლანტებივით ოთხი სხეული აკრულა. ესენი: – ალექსი (მსახობი აპოლონ კუბლაშვილი), ჯორჯი ბიჭი (ჯაბა კილაძე), ბნელო (სანდრო მარგალიტაშვილი) და კოსტა (ლაშა გურგენიძე) – ძველი, განუყრელი მეგობრები არიან, „მხედრიონის ქსივათი“ რომ იწონებენ თავს ჩვენს წინაშე და დროის ნაყოფიერად გატარების მიზნით „საგმირო“ საქმეებზე მიემართებიან. გზაზე შემთხვევი შემხვედრი მასწავლებელი( მსახიობი სლავა ნათენაძე) და მისი წიგნები დაცვინვის, შეურაცყოფის, ცემის და ბოლოს მკვლელობის ობიექტი ხდება. ყმაწვილები ყველა გზებით ცდილობენ „თვის გამოჩენას“. ალექსი „ქარიზმატული“ ბელადი, სხვებთან შედარებით „გამოზომილი ქცევებით“, „წინა ცხოვრებაში“ ნაკითხი, მუსიკაზე შეყვარებული, ჯორჯი ბიჭი, რომელსაც ჯგუფის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, თამამი, იდეათა გენერატორი, ყოველი „საქმის“ დამწყები და დამაგვირგვინებელია, ბნელო – ბნელი იდეებით მოცული, კარიერისტი და პატივმოყვარე, ისიც ჩხუბისთავი. კოსტა – თითქოსდა მათთან შემთხვევით მოხვედრილი და მათაყოლილი, პერიოდულად რომ ავლენს „გლუბრყვილობას“, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ „ერთი გუნდია“.
თავდასხმის გამო გაბრუებული და შეშინებული მასწავლებელი დიდხანს იტანს მათ თავხედობას, სიტყვიერ და ფიზიკურ დამცირებას, ძარცვას, მაგრამ წიგნების დახევის ფაქტს მოთმინებიდან გამოსული ვეღარ უძლევებს და გამოხატული პროტესტი საბედისწერო აღმოჩნდება მისთვის. ამ ყმაწვილებისთვის მიცვალებულის შეურაცყოფაც არაა უცხო, მსხვერპლის ჯიბეში აღმოჩენილ სასიყვარულო წერილებიც დაცინვისა და ქილიკის ობიექტი ხდება. როგორც ჩანს ასეთი „გასვლები“ ქალაქში ახალგაზრდებისთვის ახალია არაა. მათ ქცევაში იკვეთება სისატიკის უკვე გამომუშავებული ხერხები, შეხმატკბილებული ქმედება, მსხვერპლის მიმართ სიძულვილი.
სპექტაკლის რეჟისორი – ვთანდილ ვარსიმაშვილი მათი „სისატიკის“ ამ პირველ სცენად ვიტრინაზე აკრულ „წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა» ფონზე გვიჩვენებს, იმის ხაზგასმით, ამ ბიჭებისათვის არაფერი წმინდა, თუნდაც ინტიმური აღარ არსებობს. შემთხვევით მოხუცი მასწავლებლის ლაბადაში ნაპოვნი ძველი სასიყვარულო წერილები ქილიკისა და დაცინვის ობიექტად იქცევა. ერთადერთ კოსტას სულში იღვიძებს სიბრალული და თანაგრძნობა უმიზეზოდ განწირულის მიმართ, რომელიც ვერაფრით მიმხვდარა, რით დაიმსახურა მოხუცმა სიკვდილი. მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება, აპოთეოზი ყმაწვილკაცების მიერ განტვირთვის მიზნით ატეხილი სროლაა, რითაც თავდება მათ „გმირობათა“ ყოველი ეპიზოდი. კოსტა აქაც თავის ამპლუაშია. ყოველი ასეთი დასასრული მას აშინებს, იმედს აკარგვინებს, გათამაშებული სიკვდილი სიმართალე გონია და მისი განწირული კივილი ძმაკაცების დაცინვის საგანი ხდება – „ამან კიდევ რით ვერ ისწავლა“ – დასძახიან მას.
ვერც ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი წევრი „სამშობლოს“ ძახილით რომ იწონებს თავს გაუძვრებათ ხელიდან, რომლის აღსასრული იმ ვიტრინის წინ დადგება, სადაც „ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა“ ილუსტრაციაა გაკრული, იმ ხურდა ფულში ჩაიხვრჩობა, რაც ასე გულუხვად დააყარეს ბიჭებმა. ტელეკრანზე კი ამ დროს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია მიმართვა ვრცელდება. დამგმელი რეჟისორი და მხატვარი ოსტატურად იყენებს დადგმულ დეკორაციას, მოძრავი ვიტრინები გარდა, იმისა რომ გათამაშებული სცენების ასპარეზია, მეტროს ვაგონიცაა, სადაც მკვლელობათა ახალი რიგი ხდება, გატაცებული მანქანაცააა, რითაც საზოგადოებას აშინებენ და მზად არიან უპატრონო ძაღლებსა და კატებსაც კი გადაუარონ გართობის მიზნით, ამავდროულად ისინი გათამაშებული ამბავის აზრობრივ დატვირთვასაც იძენენ.
სპექტაკლის მესამე და მეოთხე ეპიზოდშიც ძმაკაცების მორიგ „გმირობებში“ ისევ ჯორჯი ბიჭის თაოსნობს, სახლში შეჭრის ისევ ძველებური ხერხი, ძალადობა, შერაცჰყოფა, ოჯახის უფროსის, მწერლის (ს. ნათენაძე) ახალ წიგნში „მექანიკური ფოროხალი“ ალექსის მიერ ამოკითხული ფრაზა: „ყოველგვარი მცდელობა პიროვნებას თავს მოახვიოთ კანონები, ამით მას მექანიკურ თოჯინად ვაქცევთ“ ხდება სპექტაკლის და რეჟისორ–ვარსიმაშვილის მთავარი სათქმელი.
ეპიზოდის ფინალი წინასწარ განსაზღრულია, ყველა მათგანი სიკვდილით თავდება და მისი ხანგრძლიობა დამოკიდებულია მასზე, როდის, რამდენ ხანში გაჩნდება ამა თუ იმ მსხვერპლის მოკვლის საბაბი. ქვეყანა ქაოსშია, რასაც ეკრანზე მონაცვლეობით ნაჩვენები კადრებიც ადასტურებს და მასში განუკითხაობა სუფევს, „ზომბირებულ“ ყმაწვილებს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხს არავინ სთხოვს, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი ოთხი მეგობრის „გმირობებს“ მაინც ჰყავს დამკვირვებელი, დამდგმელ რეჟისორს მეტროში გამართულ ტრაგიკულ შეტაკების წინ სცენაზე შემოყავს თეთრხალათიანი, სათვალებია ექიმი ქალი, რომელიც ჩაუვლის მათ და ისე, თითქოს სხვათაშორის გადახედავს ოთხეულს, რომ გადაამოწმოს თუ როგორ მიმდინარეობს „ექსპერიმენტი“.
ეპიზოდიდან ეპიზოდზე გადასვლით ჯგუფში მწიფდება კონფლიქტი, დგება „ავტორიტეტების“ ნგრევის, ლიდერის შეცვლის დროც. ალექსის მუსიკალურ სალონში დარჩენა და მეორე დღეს პეროვსკაიას კაფეში არგამოჩენა ყველასთვის მოულოდნელია, ხოლო ჯორჯი ბიჭისთვის კი რაღაცა ცუდის მანიშნებელი. ამიტომ შემდეგ, მარტოხელა მდიდარ ქალბატონზე თავდასხმაში საერთო გადაწყვეტილებით – „სულ ჩვენ , ერთხელ შენც“ – მოსთხოვენ ალექსის მეგობრები და შესრულების სიმძიმე მას ეკისრება. „დილეტანტური“ ქმედების დრო დამთავრდა, მათ წინ სერიოზული, დიდ საქმები ელოდებათ, პოლიტიკური ანგარიშსწორებაც კი, რომლის შესრულება ლიდერმა უნდა ითაოს. მაგრამ „ღალატის“ მხვერპლი ხდება, მეგობრებისგან მიტოვებული, მარტო დარჩენილი ციხეში ამოჰყოფს თავს.
„ექსპერიმენტის“ მეორე ნაწილი, გამოსასწორებელი ოპერაცია, ტვინის განწმენა, ფსიქიკაზე ძალმომრეობითი იერიში, შესრულებული ნატურალისტური ხერხებით, სახეზე დიდ ლინზააფარებული ალექსის განწირული ყვირილით – „განსაკუთრებით რაც მიყვარს, ის უნდა შემაზიზღოთ“ მთავრდება, რაც მეტყველებს რომ ექსერიმენტი დასრულდა, იგი მზადაა თავისუფალ საქართველოს მშენებლობაში ჩაებას. მის განსაკუთრებული სიყვარულის ობიექტი კი ბეთხოვების მე–9 სიმფონიაა, მიძღვნილი პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილგელმ III-დმი, მსოფლიოს ხალხთა მეგობრობისა და თავისუფლების სიმბოლო, დაწერილი ფ. შილერის „ოდა სიხარულზეს“ მიხედვით ალექსისთვის ფსიქოთერაპიის კურსად გადაიქცა (აქ ძალაუნებურად გახსენდება თომას მანის რომანის "დოქტორ ფაუსტუსის" მთავარი გმირი ადრიანი, რომელიც თავისი უცნაური ნიჭის მიზეზად (და არაა სინამდვილეს – ეშმაკთან მის გარიგებას) ამ სიმფონიის სიყვარულს ასახელებს) . ეს უკვდავი ჰანგებს ახსენებს მას , რომ მასზე დაკისრებული მისია ბოლომდე არაა აღსრულებული და ისიც დღესაც დადის თბილისის ქუჩებში და ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
No comments:
Post a Comment