Thursday, May 10, 2012

ჩანახატი ლიტერატურის თემაზე  

ეს  წერილი შემთხვევით აღმოვაჩინე,  არც  ვიცოდი  თუ შენახული მქონდა. ანუ გაზეთში კი  იყო  გამოქვეყნებული,  მაგრამ  ორი  წლის  წინ. მე ლიტერატურული კრიტიკოსი  არ ვარ  და იმედია ამ კუთხით არ წაიკითხავთ, ეს  მართალაც  რომ ჩანახატია ანას შესანიშნავ  წიგნზე . გიორგი


შესანიშნავი გრძნობა გეუფლება, როცა ძველ მეგობარში ახალ ნიჭსა და ტალანტს აღმოაჩენ,
მეგობარში, ვისთან  ერთადაც ბევრი ჭირ–ვარამი გადაგიტანია, როცა ერთად იყავით მაშინ, როცა საკუთარ უფლებებს იცავდით, როცა სხვის ინტერესების  დასაცავად ქუჩაში იყავით გამოსული, როცა ხალხში ჩაბუდებულ,  მოზღვავებულ ბოროტებას  ებრძოდით, როცა  ირანში ქალთა ჩაქოლვის წინააღმდეგ ირანის საელჩოსთან მიტინგში მონაწილეობდით, მაშინაც  როცა „მართლმადიდებელ მამათა კავშირის“  წინააღმდეგ ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებით.
ეს მეგობარი ანა კორძაია–სამადაშვილია, ფილოლოგი, ჟურნალისტი, პედაგოგი და მწერალი.
მწერლობის ნიჭი კი  ჩემთვის დღევანდელი აღმოჩენაა. ხელთ მაქვს მისი წიგნი „შუშანიკის შვილები“ და ხელახლა ვტკბები იმ სიამოვნებით, რომელიც ამ რომანის წაკითხვის შედეგად მივიღე.   „ძვირფას კოლეგას და ძველ მეგობარს,  ანასგან“ – ასე აწერია წიგნს, რომელიც დღეს, წიგნის პრეზენტაციაზე საჩუქრად მივიღე.
ლიტერატურის ინსტიტუტის პატარა დარბაზში სტუმართა და ანა კორძაია–სამადაშვილის შემოქმედების მოყვარულთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა.  ინსტიტუტის დირექტორის ლაშა ბაქრაძის წინადადებით მათ, რომელთაც ადგილები არ შეხვდათ იატაკზეც კი მოიკალათეს. ამ თბილ და უშუალო გარემოში, ჩვენ წინ წარსდგა ავტორი, როგორც ყოველთვის ელეგანტური, ყველასგან განსხვავებული, ახალი ვარცხნილობითა  და
მისთვის დამახასითებელი მომხიბვლელობით.
საღამო,  როგორც ჩვევიათ ჩვენთან,  დაგვიანებით დაიწყო – მიზეზი ტელეჟურნალისტები, რომლებიც ანა სცენაზე ასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
ლაშა ბაქრაძის შესავალი სიტყვა ორიოდე ფრაზით შემოიფარგმა – ყველა კარგად იცნობთ ანას, მას განსაკუთრებული წარდგენა არ სწირდებაო, და ანამაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა მოსვლისთვის და  რომანიდან პირველი ფრაგმენტი წაგვიკითხა.
„შუშანიკის შვილები“ ერთი რომანის სცენარია, სიყვარულის ისტორიის სცენარი, თუ როგორ უნდა უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი.
„შუშნიკის შვილები ამ რომანის გმირები არიან – ადამიანები ცხოვრების დაისის დასაწყისში. ზრდასრული ადამიანები ბავშვური ოცნებებით. ადამიანები,რომლებიც მარტოსულები არიან, მაგრამ ეშინიათ მარტო დარჩენის, ადამიანები, რომელთაც უკვე აღარ სწამთ სიყვარულის, მაგრამ მაინც უყვართ“ – ამბობს ავტორი თავის წიგნის გმირებზე. 
ფრაგმენტის წაკითვის შემდეგ დარბაზი გამოცოცხლდა და გაჩნდა პირველი შეკითხვებიც:
ლაშა ბაქრაძე –„რატომ არის რომანში ამდენი უცენზურო გამოთქმები?“
ანა კორძაია–სამადაშვილი– „რაც მესმის იმას ვწერ, მე ხომ ცუდი ფანტაზია მაქვს“.
დარბაზიდან – „ბედნიერები არიან თქვენი რომანის გმირები?“
ანა კორძაია–სამადაშვილი – „რასაკვირველია, აი ერთ მონაკვეთს წაგიკითხავთ – „მართა კმაყოფილი იყო ამინდით, სახელმწიფო წყობით, ვალუტის კურსით, თავისი ცხოვრების წესით, მამაკაცებით – ყველაფრით, საკუთარი სახელის გარდა. მოკლედ, მართა პრაშმანდოვკა იყო“.
შეკითხვა დაბაზიდან –  „რომანი თავდება უცნაური ტექსით, ანუ ქვეტექსტით:
„ლხინი – იქა,
ჭირი – აქა,
ფქვილი  – იქა,
ქატო – აქა“.  
თქვენ თვლით რომ ყველაფერი ასე ცუდადაა?
 ანა კორძაია–სამადაშვილი – „ზღაპრის დაწერას ვაპირებდი და ცხოვრება გამომივიდა.“
შუშანიკის შვილები – მართა, ნიკო, სოლომონ–თამარი, დავითი, შეყვარებული წყვილებია, ერთმანეთისგან  განსხვავებული ზნეობით, ხასიათის თვისებებით,  ბედით, ერთნი რომანის ბოლო საბედისწერო შემთხვევის მსხვერპლნი ხდებიან, მეორენი კი პირიქით – ახალ, ბედნიერ ცხოვრებას  იწყებენ  „მესამე ხეობაში“.   
ამ წყვილება, თუ ავტორს დავუჯერებთ არაფერია აქვთ საერთო წმინდან,  ქრისტიანობისთვის წამებულ შუშანიკთან (ი. ცურტაველი „შუშანიკის წამება“), თუმცა ... „მართა განმარტავდა, ანგელოზისა და წმინდანის შვილთაშვილი ვარო“.
რომანში ანა კოძაია–სამადაშვილი  მამაკაცისა და ქალის სიყვარულის ისტორიას არ გვიყვება,  იგი ყვება იმას „თუ როგორ უყვართ ერთმანეთი ორ ადამიანს, მართას  და ნიკოს“. 
რომანში ბევრი  ორიგინალური პასაჟები და მიგნებებია, მაგალითად სცენა აბანოში.
ავტორმა შეხვედრაზე ეს სცენაც  წაგვიკითხა და აღნიშნა რომ,  თუ თბილისი თბილ წყლებზე აშენდა, მაშინ მისი თბილი წყლის – გოგირდის  აბანოები ქალაქის ყველაზე ყველაზე ღირსშესანავი ადგილია და დასძინა, რომ ძალიან უყვარს ეს აბანოები.
შუშანიკი კი  – „შუშანიკი სულებს აჩენს და თბილისის ოკრობოკრო ქუჩებში უშვებს ... შუშანიკის შვილები ადვილად საცნობი ხალხია. მათ იოლად მიატოვებენ ხილმე, მაგრამ ძნელად ივიწყებენ.  შუშნიკის შვილები არც ხეირი არიან, არც დანაკლისი. მათ დაბადებასა და გარდაცვალებას არავინ ამჩნევს. შუშნიკის შვილებმა არასოდეს იციან, რომელი საათია ან რა რა ღირს, მიზანი არა აქვთ და თუ აქვთ – ძალიან სულელური. შუშანიკის შვილებზე იტყვიან ხოლმე, აბა , რა უნდა მოსთხოვოო – და სწორია, არ  უნდა მოსთხოვო, ისედაც ყველაფერს იძლევიან. შუშანიკის შვილები სიხარული არიან, უაზრო, მაგრამ სიხარული. რომ გაიფიქრებ, ნეტა რა მიხარიაო, იცოდე – შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა. უბრალოდ – ცხადია! – ვერ  შეამჩნევ.“
ასე რომ ეს წყვილები და ბევრი მათგანი, რომლებიც მათ ცხოვრების გზაზე შეხვდებიან და ამ  ნაწარმოების გმირებად იქცნენ, შუშანიკის მიერ შობილი სულებია, ვისგანაც ჩვენი ქალაქია დასახლებული. თუ ვიტყვით, რომ ავტორის სიმპატია ამ გმირების მიმართ ნათლად სჩანსო, არ იქნება საკმარისი. მთავარი ადრესატი, ჩვენი აზრით ისევ შუშანიკია, რომელმაც სულებით კი დაასახლა ჩვენი ქალაქი, მაგრამ თავისი გამჭრიახობით, მოთმინებით, სიბრძნით თავდადებულობით  და თავგანწირვით, თუნდაც ღვთისმოსაობით ვერ შეძლო  საკუთარი მაგალითით „აღეზარდა“ ისინი  და მისი „შვილები“ ისეთები აღმოჩნდნენ, როგორების ამ რომანში არიან  და იქ აღმოჩნდნენ,  სადაც:
ლხინიიქაა,
ჭირიაქაა,
ფქვილი  – იქაა,
ქატოაქაა“.
შუშანიკმა შვილების აღზდაში ორჯერ  დაუშვა შეცდომა – პირველად  იაკობ ცურტაველთან   – ვისთვისაც ქმრის ღალატზე არანაკლები სატანჯველია გახდა შვილების მიერ ქრისტიანობის უარყოფა.  სწორედ ამიტომ დედა  თავის თავში პოვა  ძალა, იმ წარმოუდგენელ  სიმტკიცის,  რწმენის უსაზღვრო სიყვარულს ფასად, რომელიც უარს ათქმევინებს საკუთარ შვილებზე,  და მეორედ,  ანა კორძაია–სამადაშვილთან „შუსანიკის შვილებში.“
დასასრულს მინდა მკითხველს ვაუწყო, რომ ანა კორძაია–სამადაშვილთან „შუსანიკის შვილები“ წარდგენილი 2012  წლის ყოველწლიურ,  ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე  „საბა“. 

1 comment: