„ახლა კი დროა ფარდა გახსნათ, ჩემო კარგებო“
„სიკვდილისათვის მე გრძელ გზა ვირჩევ“
ჟ. რასინი „ფედრა“
8 თებერვალს მუსიკისა და დრამის თეატრში ერთი ახალი წამოწყების მომსწრენი გავხდით. წამოწყებას ვუწოდებ, თურემ მსგავსი რამ ადრეც მომხდარა (ახალი – დიდხანს მივიწყებული ძველია). თეატრის კრიტიკოსთა კავშირმა სამეფო უბნის თეატრში რამოდენიმე წლის წინ ჩაატარა წინასაპრემიერო ჩვენება კრიტიკოსებისა და ჟურნალისტებისათვის. სამწუხაროდ მაშინ ამ წამოწყებამ ტრადიციული ფორმა ვერ მიიღო. ამიტომ მუსიკისა და დრამის თეატრის ინიციატივა – აღდგენილი ყოფილიყო ასეთი ჩვენებები მისასალმებელი და სასიხარულოა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ საღამოს დარბაზი შეივსო თეატრის კრიტიკოსებითდა ჟურნალისტებით რომლებიც თეატრზე წერენ. ცუდი ამინდის მიუხედავად ერთსულოვნად მოსული საზოგადოება (ვერ გეტყვით რა იყო ასეთი დასწრების მიზეზი – სპექტაკლისადმი ინტერესი, ძალიან კულტურული მოპატიჟება, უფასო დასწრება თუ ყველაფერი ერთად) წარმოდგენის განხილვისას ცხადია ერთსულოვანი ვერ დარჩა, სანაცვლოდ სპექტაკლის ირგვლივ საკმაოდ საინტერესო, მძაფრი და პროფესიული საუბარი გაიმართა.
ამ დღეს მუსიკისა და დრამის თეატრმა მოწვეულ და შეკრებულ საზოგადოებას ახალი პრემიერა, მეოცე საუკუნის მიწურულის ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური დრამატურგის სარა კეინის პიესა „4.48–ს ფსიქოზი“ შესთავაზა რეჟისორ მაკა ნაცვლიშვილის დადგმით. ეს იმ პროექტის მერე სპექტაკლია (პირველი იყო მამუკა ტყემალაძის მიერ განხორციელებული ერიკ ემანუელ შმიტის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონის“ სცენური ვერსია სახელად „წერილები ღმერთს“), რომელსაც დავით დოიაშვილი თავის თეატრში ატარებს ახალგაზრდა დამწყებ რეჟისორებისათვის. დღევანდელი წარმოდგენის რეჟისორი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად არდი–ფესტის გამარჯვებული („მედეა, დაბრუნება“ ნილ ლაბუტი), დ. გაბუნიას „საპნის ოპუსის“ და როლანდ შიმელპფენინგის „ქალი წარსულიდან“ რუსთაველის თეატრის სცენაზე დამდგმული სპექტაკლებით მთლად დამწყებად ვერ ჩაივლება. დასახელებულიდან ორ პირველს დიდი წარმატება მოჰყვა, რაც შეეხება როლანდ შიმელპფენინგის პიესას (დადგმული გოეტეს ინსტიტუტის შეკვეთით), მას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა კრიტიკის მხრიდან. ჩემი აზრით, ამ სპექტაკლის წარუმატებლობა დიდწილად დრამატურგიულ მასალა უნდა დაბრალდეს. ავტორის მიერ შემოთავაზებულ ტექსტი ძალზე გადატვირთული, შეუძლებელია მასში პერსონაჟთს ხასიათების გამოკვეთა, მათი ურთიერთობების მთავარი ხაზის მონახვა, მოთხრობილი ისტორიას ეტყობა სიყალბე და „შეთხზულობა“.
ამ წარმოდგენების შედეგად გამოკვეთა მაკა ნაცვლიშვილის ხელწერა და სტილი: თანამედროვე დრამატურგიისკენ სწრაფვა, ექსპერიმენტალურ რეჟისორული ხერხების ძიება, არატრადიციული თეატრალური სივრცეების ათვისების სურვილი, ტექტისადმი ერთგული დამოკიდებულება, განსხვავებული, თანამედროვე პოსტმოდერნისტული თეატრალური აზროვნება. აქედანაა მისი ეხლანდელი არჩევანიც „4.48–ს ფსიქოზი“, ამ დრამატურგის ყველაზე რთული პიესა და ამავდროულად სარა კეინის ტრაგიკული ბედის ისტორია.
მაყურებელთა დარბაში შესვლითანავე ხვდები თეატრალურ გარემოში:
წითლად გადაპენტილი უამრავი ბალიში, დამთრგუნავი, მაგრამ არაშემაწუხებელი მუსიკალური ფონი (მ. აფხაზავა), რომელიც ვენებშიგამავალი სისხლის პულსაციად ან გულის ცემად აღიქვება (მხატვარი ნ. კიტია). თავდაპირველად იატაკზე აკურატულად და კანონზომიერად დალაგებული ბალიშები, აქ გათამაშებული, უფრო სწორად აქ განცდილის დროს ბევრჯერ აირევა, ადგილებს და ფერს შეიცვლის, ხან სარეცელად, ხან სცენად, ხან იარაღად, რითაც ერთმანეთს დასცხებენ სპექტაკლის მონაწილე ახალგაზრდა მსახობები, ხან ჰალუცინაციურ ზმანებად მოგვევლინება და ხანაც სასიკვდილო სარეცელად გადაიქცევა. სცენოგრაფიული გადაწყვეტა მინიმალურამდეა დაყვანილი და ან კი რა უნდა იდგას ფსიქოლოგიური სავადმყოფოს სააბაზანო ოთახში: ძველი, ფსიქიკურად დაავადებული ბევრი ავადმყოფის მიერ გამოყენებული უძველესი აბაზანის გარდა.
სცენაზე ყველაფერი ორია: ორი ფერი, ორი სარა, ორი სახრჩობელა, ორი ჭიქა, მხოლოდ ერთია ძველი აბაზანა და ერთიც სანთელი.
ორი ფერი: წითელი – ტანჯვა, იმედის გაცრუება, ცოდვა, სისხლი, სიკვდილი და თეთრი – სინათლე, სიყვარული, იმედი, მონანიება, სიცოცხლე. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ეს ორი ფერი ურთიერთპაექრობს, ერთმანეთს ებრძვის, ერთმანეთს ექიშპება, თვითდამკვიდებას, მეორეზე გაიმარჯვებას ცდილობს, სურს ზეააღიმართოს მასზე. წითელი თუ თეთრი, სიკვდილი თუ სიცოცხლე – ეს დილემაა, მაგრამ არა სპექტაკლის პერსონაჟის სარა კეინისთვის. იგი მიზანდასახულია, სასიკვდილოდ განწირულია, მან ხომ თავისთავს უკვე გამოუტანა განაჩენი და 4. 48 შემდეგ იგი ცოცხალი აღარ იქნება. „ზუსტად 4-სა და 48-ზე ენას ჩავიგდებ“ ხშირად იმეორებს იგი.
ფსიქიატრიული სავადმყოფოს გარეთაც კი, სადაც ის ამჟამად იმყოფება, იქაც მისი ახლობლები მხოლოდ ორნი არიან: – ძმა და საყვარელი, ორივე კვდება, რომელთაც „თავად ანადგურებს“.
სარა კეინი I–ს (ან სარა კეინი II–ს ) ფრაზებიც ორი ფერისაა:
„გახსოვდეს სინათლე და ენდე სინათლეს“ თეთრია – უეცრად, უადგილო ადგილას შემოპარული ნათელი განწყობა, მაგრამ მომდევნო „ჭეშმარიტება სიკვდილის წინ გამოგინათებს“ უკვე წითელია.
„არ მინდა სიკვდილი“ თეთრია,
„არ მინდა სიცოცხლე“ კვლავ წითელია.
თავისთავად სარაც ორია! (მსახიობები რ. მაყაშვილი და მ. კიტია) –
სააბაზანე ოთახის ერთადერთ ძველ აბაზანაზე ჩამომჯდარი, წითლებში გამოწყობილი ორი სარა, საქვეყნოდ აცხადებს:
„წელს სასიკვდილოდ გადავდე თავი
მავანი ალბათ ახირებად ჩამითვლის ამას.“
ჯერ ისინი ერთად არიან, პაციენტი და „ექიმი“, მაგრამ სულ მალე ეს ორი ერთმანეთს დაუპირისპირდება, და როგორც ის ორი ფერი – წითელი და თეთრი, ერთმანეთს შეებმება, სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებმება, მერე ისევ გაერთიანდება, ერთად ავა სახრჩობელაზე.
გრძნობა თუ გონება? რომელი აჯობებს. ჩვენს წინაშეა მეოცე საუკუნის დასასრულის ფედრაა? დრამატურგის საყვარელი პერსონაჟი მისივე პიესის „ფადრას სიყვარულიდან“?, რომელიც ასევე ფედრას მსგავსად ასრულებს სიცოცხლეს?
დამდგმელმა რეჟისორმა საინტერესო და ორიგინალური გასაღები მოუნახა დრამატურგიულ მასალას, გასაღები, რომლითაც იგი სარა კეინის „პანდორას ყუთს“ მოხდის თავს. სპექტაკლის მსვლელობისას სარას I–ს (ან სარას II–ს) მონოლოგი ტემპორიტმული ცვლილებებით გამოირჩევა: აჩქარებულ, აგზნებულ, ზოგჯერ ყვირილში და გინებაში გადასულ ფრაზებს, მდორე, ტეპერამენტმოკლებული გამონათქვამები უპირისპირდება. მის მიერ გადმოცემული აზრები ზღვის ტალღებს მოგვაგონებს, პირველი ტალღა, მეორე ტალღა ... და მეცხრეს მწვერვალზე მყოფი სასწორკვეთილი ღაღადებს: „აჰა გასრულდა უღიმღამო ბილწი ამბავი უცხო სხეულში დამწყვდეული საბრალო სულის ყოვლადბოროტმა ზნეობრივმა უმრავლესობამ მთლად დაუნდობლად რომ დალეწა.“
ტემპორიტმის ასეთი ცვლილება ზოგიერტმა კრიტიკოსმა სპექტაკლის ნაკლად მონიშნა, რომელთაც ვერაფრით დავეთანხმები. ძნელადშეასაჩნევი, რეჟისორის მიერ შემთავაზებული სპექტაკლის ასეთი რიტმი თვით ტექსტიდან მომდინარეობს, რომელშიაც ცხადად შეიმჩნევა ემოციათა და განცდათა ამგვარი რიგოვნება, აღმავალიდან დაღმავალში გასვლა, პაუზა, სიძულვილითა და მოყირჭებითაა დამძიმებული მოგონებათა რიგი, რითაც დრამატურგი ახანგრძლივებს თავვისავე „სიკვდილ როკვას“ და რაც ასე ზუსტად ამოიცნო დამდგმელმა რეჟისორმა. პარალელი ფედრასთან და განსაკუთრების რასინის „ფედრასთან“ ჩემი აზრით შემთხვევით არ ჩნდება, სადაც ფედრას სასიკვდილო აქტი ისეთივე ხანგრძლივია, როგორიც სარა კეინის „4.48–ს ფსიქოზში“. რასინის დრამატურგიის თანამედროვე მკვლევარი როლად ბარტი ასე აღწერს ფედრას სიკვდილს. „ტრაგიკული სიკვდილი საშიში არაა, იგი უმეტეს შემთხვევაში გრამატიკული კატეგორიაა. იგი უპირისპირდება მიცვალებას. რასინს მხოლოდ ერთი ხანგრძლივი სიკვდილი აქვს – ფედრას სიკვდილი. სხვა დანარჩენი სიკვდილი – არსობრივად შანტაჟის ინსტრუმენტია, აგრესიის იარაღი“.
სარას „ტკბობა“ სასიკვდილო სარეცელზე დიდხანს ყოფნისა მისივე „თვითგვემაა“ – შურისძიება საკუთარ თავზე „მატარებელს შიშის გამო არ ვუვარდები ბორბლებში.“ (ანა კარენინა!) ამბობს სარა, (მაშინ სიკვდილი ხომ მომენტალურად დადგებოდა), რომელსაც საკუთარი თავის დასჯა განუზრახავს, მოთმინებით, ეტაპობრივად ამზადებს საკუთარ თავს ამ აქტისათვის და რომელიც ერთი საათი და 12 წუთი გრძელდება. ამ ეტაპობრივი პროცესის ზუსტი და ხანგრძლივი „ჩატარებისთვის“ შემოყავს ჩემი აზრით ახალგაზრდა რეჟისორ მ. ნაცვლიშვილს მეორე სარა „ექიმი“, რათა სარა I–ს და სარა II–ს კამათში მომწიფდეს პიესის მთავარი ამბავი – სარას თვითმკვლელობა 4.48 წუთზე.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რეჟისურული, თანამედროვე კონცეპტუალური რეჟისურის პისტმოდერნისტული „გაორების“, „déjà vu“, გამეორებების პრინციპი, გამოყენული მაკა ნაცვლიშვილი მიერ პიესის სტილით და უშუალოდ ტექსტითაა განპირობებული. სარაში ნამდვილად ორი და მეტიც პიროვნებაა, ორივე ცხოვრებისგან დაღლილი, მაგრამ ერთი მათგანი სუსტი, ცოტ მშიშარაც, ცოტა გულუბრყვილოც, ცოტა რომანტიული, ვიღაცაში შეყვარეული, სხვისი ბედით შეწუხებული; „დილის ექვს საათზე გავრბივარ გარეთ და ყველგან დაგეძებ. თუ ღამით რომელიმე ქუჩა ან ლუდხანა ან სადგური დამესიზმრა, ნიშანი მგონია და იქით მივფრინავ. იქ დავბუდდები და გელოდები“, რომელიც სარა I-ს (ან სარა II) შეუძახებს ხოლმე „და ამის მერე კიდევ იტყვი, რომ ავად არა ხარ? ... მაგრამ საკუთარ საქციელს ოდნავ მაინც ხომ უნდა დაატანო ჭკუა? ძალიან გთხოვ, ასეთი რამ მეორედ აღარ გაბედო.“, რომელიც ძველთაძველი აბაზანით სარა I-ს (ან სარა II) წარსულისკენ საკუთარი ზურგით „მიათრევს“, რათა მასთან ერთად გაჯამრთელებული დროებით იმავე აბაზანით მაინც ისევ უკან დაბრუნდეს და მოუწოდოს: „ხვალიდანვე შეუდექი ჯანსაღ ცხოვრებას“ და სარა II–ც იწყებს, გონებაც უნათდება, ხელახლა ითვლის, მაგრამ ახალ არა როგორც უწინ, ახლა უკვე არაფერი ერევა, 100–დან, 93–დან ... 9–მდე და 2–მდე უშეცდომოდ ჩამოდის, ყოველგვარი სირთულის და დაძაბვის გარეშე წინა რიცხვს
7–ს (ანგელოზის სიმბოლოს, ბედნიერების რიცხვს, რომელიც მას არ ეღირსა!) აკლებს, თითქოს და „ჯანსაღი აზრი კონვულსიის მწვერვალზე ბუდობს,“ მაგრამ „სადაც უეცრად ამოხეთქავს სრული სიგიჟე გაორებისგან გაპობილი სულის ღრიჭოდან.“ დიახ, გაორებისგან!
სარა II (ან სარა I) კი უკვე ფსიქიურად მოშლილია, გატეხილი, მრავალ ტანჯვაგადატანილი, თვითმკვლელობის სურვილით დამძიმებული „მარტოობისთვის გაჩენილი“, რომელმაც „თავი გადაიპარსა და ვენები სამართებლით გადაიჭრა“, რომელსაც სხვა სარას შეხედვაც კი აღიზაინებს – „ნუღარ მიყურებ“ და რომელსაც აქამდე გონებაარეულს სათვალავიც კი არევია, მიუხედვად ამ ყველაფრისა ამბობს: „საკუთარ თავს მშვენივრად ვხედავ“ და შესასრულებელ ამოცანათა დიდ სიას სთავაზობ საკუთარ თავს. ერთი შეხედვით მეორე სარამ გაიმარჯვა. პირველს სიცოცხლის სული ჩაბერა, სარაც კეინი გამთლიანდა, მაგრამ მალევე ყველაფერო ისევ თავიდან იწყება: დასახული მიზანი ჯერ მიუღწეველია. ისევ წითელი ფერი, ისევ აბაზანის კიდეზე ჩამომჯდარი ორი სარა:
„უსასოება მიმიძღვება თვითმკვლელობისკენ
ტანჯვა რომელსაც ექიმებმა სულ ვერ უწამლეს“.
სასიკვდილო სამზადისი გრძელდება, სარას თმა გაუშლია, სახეზე რაღაც ნათელიც კი დასტრიალებს. „ღმერთო მაღალო, ღმერთო ძლიერო, ახლა რაღა ვქნა?“ ლოცულობს ერთადერთ სანთელთან სარა I (ან სარა II), რადგან სარა II–ს (ან სარა I–ს) სანთელი არ გააჩნია, იმას დიდი ხანია ღმერთმა „ზურგი აქცია“.
და აი, გამარჯვების სიხარული, სარა იღიმის... საკუთარი ეჭვები იმის შესახებ რომ თავის მოკვლას ვერ შეძლებდა, ისევე როგორც ვერ შეძლო სიყვარულის პოვნა ან სიცოცხლის შენარჩუნება, უკვალოდ გაქრა. „სულაც არ მინდა მე სიკვდილი
ჯერ არასოდეს არ მომიკლავს თავი აქამდე.“
მან შეძლო, ერთხელ ხომ მაინც აისრულა სურვილი, საკუთარ თავს აჯობა, თამამად ადის ორივე სარა სახრჩობელაზე:
„ახლა კი დროა ფარდა გახსნათ, ჩემო კარგებო“
სპექტაკლში მონაწილე მსახიობები რუსკა მაყაშვილის და მარი კიტია შესანიშნავი თამაში ამ სპექტაკლის მწვერვალია. ახალგაზრდა მსახიობებისთვის ასეთი რთულის სახის შექმნის მინდობა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული: ზედმეტი ჟესტი, ზედმეტი ნიუანსიც, რომელიმე მათგანის დომინანტიც კი დაარღვევდა და დაშლიდა ამ ფაქიზ ქსოვილს, რომელსაც რეჟისორი ასეთი გულმოდგინებით ქმნის. მათი პლასტიკა, მათი სულის მოძრაობა, თავის ადგილზე დასმული აქცენტები, დიალოგის მართვის კულტურა, შინაგანი მონოლოგებიც კი ზუსტად აღწევს მაყურებლამდე და სარა კეინის განუმეორებელ სახეს ქმნის. ეს შეხმატკბილებული დუეტი ისეთ ერთიანი და სრულყოფილია, რომ ხშირად გავიწყდება, რომ შენს წინაშე ორი მსახიობია, განსხვავებული შინაგანი რიტმით, შეგრძნებებით, გარეგნობით. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მათ ერთნაირად აცვით, ან ერთნაირად მოძრაობენ. ეს ერთი სხეულის ორი სულია, ერთმანეთში ჩახლართული, თუმცა სხვადასხვა ფიზიკურ სხეულში ჩასახლებული. მაგრამ მიუხედავად „სულის ერთიანობისა“, სპექტაკლში თვითოეული მსახიობი მაინც ქმნის თავის განსაკუთრებულ პლასტს. რუსკა მაყაშვილის სარა ძლიერია, ამაყი, თუმცა დროდადრო დამფრთხალი, მერყევი და ეჭვიანი. მძაფრად და ხანგრძლივად ეკამათება „ექიმს“- სარა II-ს, მიუხედავად იმის რომ მისგან ელის გადარჩენას. მის გაორებულ ფსიქიკაში ხომ ერთად თანარსებობენ „ექიმი“ და სარა II.
„ექიმი“ სარა II – მარი კიტია მასზე თავდაჯერებულია, მასსავით მიზანდასახული, დარწმუნებული იმაში, რომ შეძლებს სარა I შველას და გადარჩენას. „სულ არ ებრძვი ამ უაზრო სასოწარკვეთილებას“ – მოთხოვს მისგად და დროებით აღწევს კიდევაც შედეგს. მაგრამ დროებით. ეს პაქრობა გრძელდება სპექტაკლის მთელი მსვლელობისას. ვინ ვის? სარა დრამატური სარა „ექიმის“ მეშვეობთ ცდილობს სარა „პაციენტის“ გონზე მოყვანას, მაგრამ სარა „პაციენტის“ ფსიქიური აშლილობა და პარანოიდალურობა სჯობნის სარა „ექიმის“ მზრუნველობასა და ძალისხმევას, სარა დრამატურგიც მიყვება სარა „პაციენტის“ არჩეულ გზას და ჩვენდა უნებურად სპექტაკლისა და მსახიობების მეშვეობით, ჩვენც ამ თვითმკვლელობის უნებლიე თანამონაწილეები ვხვდებთ.
პიესის ქართული თარგმანი (თ. ჯაფარიძე) – ავტორისეული ურთულესი ტექსტი, ზოგჯერ გარითმული, ზოგჯერ ფსიქიური აშლილობისეული, დაწერილი ყოველგვარი სასვენი ნიშნის გარეშე, რომელიც ართულებს მსახიობის მიერ ფრაზის რითმის, რიტმისა ტონალობის „გათავისებას“, შესრულებულია მაღალი პროფესიული კულტურით ზუსტად აღწევს მაყურებლამდე და ეხმარება დრამატურგის ჩანაფიქრისა და სათქმელის ადეკვატორ აღქმში.
პოსმოდერნისტული დრამატურგიის წარმომადგენელის სარა კეინის
ყველა პიესა საზოგადოების გამოწვევაა, „სილის შემოკვრაა“, პროტესტი–აქციაა, მასში ცხადად და ცალსახად იკითხება მეაომბოხე სულისა და ადამიანთა გულგრილობის შეპირისპირება და ბუნტი მათ მიმართ. „დაწყევლილები“, „ფედრას სიყვარული“, „წყურვილი“, „განწმენდილები“ ხუთი პიესა შემოქმედების ხუთი წლის მაძილზე!
თავისი ტრაგიკულობით, მის რეალური ტრაგიკული დასასრულის გარდა „4.48–ს ფსიქოზი“ იმითაცაა გამორჩეული რომ დრამატურგიის ისტორიაში ეს ერთადერთი ნაწარმოებია, სადაც ავტორი = პერსონაჟს. ლიტერატურული ან დრამატული ნაწარმოების კითხვისას ცდილობ აღმოაჩინო რომელ პერსონაჟთან აიგივებს ავტორი თავს.
„4.48–ს ფსიქოზი“ ამ მხრივაც უნიკალური მოვლენაა.
გიორგი ყაჯრიშვილი
No comments:
Post a Comment